„როდესაც მარიუპოლის სარდაფში იწვა, იყინებოდა და წყალს ითხოვდა...“ -  ჰოლოკოსტს გადარჩენილ ვანდა ობიედკოვას მხოლოდ ერთი რამ სურდა გაეგო: „რატომ ხდება ეს?“

სიცოცხლის ბოლო ორი კვირის განმავლობაში 91 წლის ქალმა ფეხზე დგომაც კი ვერ შეძლო. იგი 4 აპრილს გარდაიცვალა, არა მშვიდად სიბერეში საკუთარ საწოლში, არამედ როგორც 21-ე საუკუნის საშინელი ომის მსხვერპლი, რომელმაც მისი მშობლიური ქალაქი მოიცვა.

„დედა არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს“, - ამბობს ობიედკოვას ქალიშვილი, ლარისა, ტირილით, ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილას მისვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ქალი უმწეოდ უყურებდა დედის სიცოცხლის უკანასკნელ წამებს და ბოლომდე მის გვერდით დარჩა. მას შემდეგ, რაც დედამისი გარდაიცვალა, ლარისამ და მისმა ქმარმა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს, რათა ქალი უწყვეტი დაბომბვის ფონზე, საჯარო პარკში აზოვის ზღვიდან ერთ კილომეტრის სიახლოვეს დაემარხათ.

"მთელი მარიუპოლი სასაფლაოდ გადაიქცა", - ამბობს უკრაინის საპორტო ქალაქის მარტოხელა რაბინი. ობიედკოვა და მისი ოჯახი დიდი ხანია რაც მარიუპოლის ებრაული თემის აქტიური წევრები იყვნენ.

"ვანდა სემიონოვნა კეთილი, მხიარული ქალი, განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.” - ამბობს რაბინი.

ვანდა ობიედკოვა მარიუპოლში დაიბადა. ის 10 წლის იყო როდესაც ნაცისტები მარიუპოლში შევიდნენ და ებრაელების შეკრება დაიწყეს. სახლიდან წაიყვანეს ვანდას დედა, პატარა გოგონა მტერს მაშინაც სარდაფში დაემალა.

1941 წლის 20 ოქტომბერს გერმანელებმა 9000-დან 16000-მდე ებრაელი მარიუპოლის გარეუბანში თხრილებში სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ობიედკოვას დედა და მისი ოჯახი. პატარა გოგონა მოგვიანებით იპოვეს, მაგრამ ოჯახის მეგობრებმა ნაცისტები დაარწმუნეს, რომ ის ბერძენი იყო. ვანდას მამა არ იყო ებრაელი. სწორედ მან მოახერხა შვილის გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც  მარიუპოლის გათავისუფლებამდე დარჩა.

ობიედკოვა 1954 წელს დაოჯახდა და მთელი ცხოვრება მარიუპოლში გაატარა.

„დედას უყვარდა მარიუპოლი; მას არასდროს სურდა წასვლა აქედან, ”- ამბობს შვილი.

როდესაც მარტის დასაწყისში დაბომბვა დაიწყო ოჯახი მაღაზიის სარდაფში გადავიდა. ერთადერთი დახმარება, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღეს, რაბინი კოენის სინაგოგიდან და საზოგადოებრივი ცენტრიდან იყო.

„არ იყო წყალი, ელექტროენერგია, აუტანელი სიცივე იყო“, - ამბობს ლარისა. შვილი მთელ დროის მანძილზე დედაზე ზრუნავდა, მაგრამ „ვერაფერი შევძელი მისთვის. ჩვენ ცხოველებივით ვცხოვრობდით!”

„ყოველთვის, როცა ბომბები ცვიოდა, მთელი შენობა ირყეოდა. დედაჩემი სულ ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი...“

„ძალიან ვწუხვარ მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის“, - ამბობს ის. „აღარ არსებობს ქალაქი, სამუშაო, სახლი - არაფერი. რა არის დასაბრუნებელი? რისთვის? ეს ყველაფერი გაქრა. ჩვენს მშობლებს სურდათ, რომ მათზე უკეთ გვეცხოვრა, მაგრამ...“

ლარისა ამბობს, რომ  ერთადერთი ნათელი წერტილი მარიუპოლში მათთვის რაბინი კოენი იყო, რომელიც შვიდკვირიანი ჯოჯოხეთის დროს მათი მაშველი იყო.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს ებრაული საზოგადოება“, - ამბობს ლარისა და აღნიშნავს, რომ დედას უყვარდა ებრაული დღესასწაულები, მათ შორის პასექი.